როგორ დავუჭირო მხარი პარტნიორს აბორტის შემდეგ?

კატეგორია: აბორტი

შენ პარტნიორს პროცედურიდან წამოყვანა დასჭირდება, ამიტომ წინასწარ შეუთანხმდი ამაზე. ისიც დააზუსტე იმ საღამოს რა ესიამოვნება – ძილი, ლაპარაკი, ან უბრალოდ დასვენება. მოიმარაგე წიგნები, ფილმები, საჭმელი, ჰიგიენური საფენები და ტკივილგამაყუჩებლები.

აბორტის შემდეგ შეიძლება სპაზმებს გრძნობდეს მუცლის არეში – ეს ნორმალურია, მაგრამ დარწმუნდი, რომ ტკივილი გაუსაძლისი არ არის. მოსალოდნელია ოდნავი სისხლდენა, როგორც ეს მენსტრუაციის დროს ხდება. აუცილებლად დაუკავშირდი ექიმს, თუ შეამჩნევ ჭარბ სისხლდენას, სიცხეს, ან ტკივილებს – ეს ინფექციის ნიშანი შეიძლება იყოს. ყურადღებით გაეცანი კლინიკის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, მაგალითად: არანაირი სექსი, ტამპონები, ცურვა, ან აბაზანაში ჩაწოლა (ამ დროს შხაპი ჯობია) მომავალი ორი კვირის განმავლობაში.

ქირურგიული ჩარევის შემდეგ ხშირია გულისრევის შეგრძნება, ან უბრალოდ დაღლა, ამიტომ, სახლის საქმეებში დაეხმარე. ისევე როგორც აბორტამდე, ჰკითხე რას გრძნობს და რამე თუ აღელვებს. თუ იმ მომენტში ლაპარაკი არ უნდა, უთხარი, რომ მის გვერდით იქნები და მოუსმენ როდესაც მზად იქნება.

გაითვალისწინე, რომ შესაძლოა ერთ კონკრეტულ ემოციას – შვებას, სევდას, ან ინტერესს იმის მიმართ რა მოხდა და შემდეგ რა იქნება – არ გრძნობდეს და ეს ნორმალურია. თუ ნერვიულობს, რომ მისი ემოციები მეტისმეტად ძლიერი და უმართავი ხდება, შეგიძლია შესთავაზო მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, ექიმებთან დაკავშირება, რომლებიც არ განსჯიან.

რას შეიძლება გრძნობდეს ჩემი პარტნიორი აბორტის შემდეგ?

აბორტის შემდეგ ადამიანები სხვა და სხვა პოზიტიურ და ნეგატიურ ემოციას განიცდიან. პოზიტიური ემოციების მაგალითებია:

  • საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის ქონის განცდა;
  • იმის შეგრძნება, რომ ამ გამოცდილებამ უფრო დაახლოვა პარტნიორთან;
  • კონტრაცეფციისა და ფერტილობის შესახებ ცნობიერების ამაღლება;
  • იმის გაცნობიერება, უნდა თუ არა რეალურად შვილის ყოლა;
  • მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • შვება, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და შეუძლია ცხოვრება გააგრძელოს;
  • სხვა და სხვა ემოციისა და გრძნობის ნაზავი.

ასევე, შესაძლებელია სევდას გრძნობდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ემოციურად მიჯაჭვული იყო ორსულობაზე, ან ბავშვის ყოლის იდეაზე. სევდა არასწორი გადაწყვეტილების მიღების ნიშანი არ არის, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ მისთვის რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება.

შესაძლოა სხვა ემოციებსაც განიცდიდეს, მაგალითად:

  • ნერვიულობდეს საკუთარ ჯანმრთელობაზე, ან ამ გადაწყვეტილების გავლენაზე მის ურთიერთობაში;
  • ნანობდეს იმიტომ, რომ გააკეთა ის, რასაც დიდი სტიგმა აქვს მის საზოგადოებაში და ამ გადაწყვეტილების გამო გაკიცხავენ;
  • ბრაზობდეს შენზე, რადგან მას მეტის გადატანა მოუწია, ან საკუთარ თავს ადანაშაულებდეს იმის გამო, რომ დაორსულდა;
  • იმედგაცრუებას გრძნობდეს იმის გამო, რომ გარშემომყოფებმა საკმარისად არ დაუჭირეს მხარი.

ძალიან მნიშვნელოვანია შენ პარტნიორს ამ გრძნობების გამოხატვა უსაფრთხო სივრცეში შეეძლოს, სადაც არავინ განსჯის. ეს  დაეხმარება იმაში დარწმუნდეს, რომ მისი სიტუაციისთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ფსიქოლოგთან მისვლა შეიძლება დაეხმაროს იმის გაანალიზებაში, რომ რთულ სიტუაციაში საკუთარი თავისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო.

კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ თვითონ გადაწყვიტონ არასასურველი ორსულობის შემთხვევაში რას იზამენ და ამაში საზოგადოება ხელს შეუწყობს, უფრო მეტად განიცდიან შვებას და თავდაჯერებულობას თავიანთი გადაწყვეტილების სისწორეში.

შემდეგ რა იქნება?

თუ არასასურველი ორსულობა კონტრაცეფციის ჩვეული მეთოდის წარუმატებლად გამოყენების გამო დადგა, შენი პარტნიორი შესაძლოა შფოთვას გრძნობდეს, რომ კიდევ ერთხელ არ დაორსულდეს. ჩვენ გირჩევთ ღიად განიხილოთ ეს საკითხი ერთმანეთთან, და, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგს მიმართოთ დახმარებისთვის. ინფექციის რისკის თავიდან ასარიდებლად სექსი ორი კვირის განმავლობაში რეკომენდირებული არ არის, მაგრამ, თუ ვაგინალური პენეტრაცია მაინც მოხდა, აუცილებელია კონდომის გამოყენება.

არავინ იტყუებს თავს იმის შესახებ, რომ აბორტი ადვილი გადაწყვეტილებაა. ზოგიერთი წყვილი ამ თემაზე ვერ თანხმდება. თუ ფიქრობ, რომ პროცედურის შემდეგ თქვენი ურთიერთობა ნეგატიურად შეიცვალა, ეცადეთ ღიად ესაუბროთ ერთმანეთს საკუთარი გრძნობებისა და დამოკიდებულებების შესახებ, ან მიმართეთ ფსიქოლოგს.

წყარო: www.thewomens.org.au